ექიმი გიორგი გრიგოლია - ინტენსიური თერაპიის პალატა საკმაოდ კარგად აღჭურვილია, პერსონალი მოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, მაგრამ ჩემი აზრით, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მსგავსი პაციენტის ყოფნა არ არის მიზანშეწონილი
ექიმი გიორგი გრიგოლია - ინტენსიური თერაპიის პალატა საკმაოდ კარგად აღჭურვილია, პერსონალი მოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, მაგრამ ჩემი აზრით, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მსგავსი პაციენტის ყოფნა არ არის მიზანშეწონილი

ინტენსიური თერაპიის პალატა საკმაოდ კარგად აღჭურვილია, პერსონალი მოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, მაგრამ ჩემი აზრით, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მსგავსი პაციენტის ყოფნა არ არის მიზანშეწონილი, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრმა, კლინიკა „ღია გულის“ წარმომადგენელმა, გიორგი გრიგოლიამ სასჯელაღსრულების მე-18, სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილმა ექიმების ჯგუფმა სასჯელაღსრულების მე-18, სამკურნალო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს.

„ვინაიდან ბევრნი ვიყავით, ზოგი ბატონი მიხეილ სააკაშვილის კვლევით იყო დაკავებული, ზოგი ინფრასტრუქტურა როგორი არის, იმის კვლევით. ორი სიტყვით, სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება, რადგან ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული – საკმაოდ კარგად აღჭურვილი; სტაფი არის მოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამე არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი. ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია და საბოლოო დასკვნებზე ჩვენ ალბათ ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული.

მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის ყოფნა არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ექიმმა.

ამასთან, ექიმთან საუბრისას ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რეანიმაციული განყოფილების ლიცენზია ან მსგავსი დოკუმენტი ხომ არ წარუდგენიათ მათთვის ციხის საავადმყოფოში.

„რეანიმაციული დაწესებულების ლიცენზია არავის წარუდგენია, მაგრამ ჩვენც არ მოგვითხოვია. იქ მუშაობენ რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილი ლიცენზირებული ექიმები, მორიგეობენ ყოველდღე. რაც შეეხება თვითონ განყოფილების ლიცენზიას, ასეთი რამ არავის წარმოუდგენია და თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ლიცენზია იძლევა იმის მიხედვით, თუ როგორ არის აღჭურვილი და როგორ არის დაკომპლექტებული, ნუ, აკმაყოფილებს; მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს არის გაკეთებული ახლახან და არანაირი გამოცდილება არ აქვთ, ალბათ; მე იმ ექიმებს არ ვგულისხმობ, რადგან ექიმები გადმოსული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოდან და ვისაც გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ასეთი პაციენტი არ საჭიროებს მარტო ანესთეზიოლოგებს და რეანიმატოლოგებს, ის საჭიროებს თერაპევტებს, რადგან ხანგრძლივი შიმშილობის მერე იქ არის მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სჭირდება სწორი კვება. ხვალ რომ გამოაცხადოს ბატონმა მიხეილმა, რომ დავამთავრე შიმშილობაო და ჭამა დაიწყოს უცბად, მაგას სჭირდება კონტროლი და აქ მარტო ინტენსიური თერაპიის სპეციალისტები არ არის საჭირო, აქ არის მულტიპროფილური სპეციალისტები საჭირო. წინასწარი დასკვნა არის, ჩემი პირადი აზრი არის, მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ყველა ერთად შევჯერდებით საღამოს, მანამდე დავჯდებით და საბოლოო დასკვნებს გამოვიტანთ“, – განაცხადა კლინიკა „ღია გულის“ ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი გრიგოლიამ.