ექიმი გელა ღუნაშვილი - ჩვენ არცერთ მოქმედ ნივთიერებაზე არ გვქონდა აქცენტი გაკეთებული, ვარაუდი გამოვთქვით, რომ ეს იყო „სიეს“ გაზი, რაც გამოიყენება ხოლმე ცრემლსადენ აირში
ჩვენ არცერთ მოქმედ ნივთიერებაზე არ გვქონდა აქცენტი გაკეთებული, ვარაუდი გვქონდა გამოთქმული, რომ ეს იყო „სიეს“ გაზი, რაც გამოიყენება ხოლმე ცრემლსადენ აირში. კვლევაც არ გვქონია ამ მიმართულებით, ჩვენი კვლევა იყო კლინიკური, – ამის შესახებ ექიმმა გელა ღუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე, სადაც „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე არის დაბარებული.
მისივე თქმით, კვლევაში ქიმიური იარაღი უშუალოდ არ აქვთ ნახსენები.
„ბუნებრივია, საკვლევი ობიექტი ფართო საზოგადოებისთვის იდენტიფიცირებული ვერ იქნება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. ჩვენ ხელმოწერა გვაქვს თითოეულზე გაკეთებული, ეთიკის კომისიისგან აღებული გვაქვს დასტური, თუმცა მათ მონაცემებს ვამუშავებთ, ვიყენებთ და შესაბამის პორტალებზე ვტვირთავთ. ჩვენ არცერთ მოქმედ ნივთიერებაზე არ გვქონდა აქცენტი გაკეთებული, ვარაუდი გვქონდა გამოთქმული, რომ ეს იყო „სიეს“ გაზი, რაც გამოიყენება ხოლმე ცრემლსადენ აირში. კვლევაც არ გვქონია ამ მიმართულებით, ჩვენი კვლევა იყო კლინიკური. ქიმიური იარაღი ჩვენ უშუალოდ არ გვაქვს ნახსენები. შესაძლებელია, რომ „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში რაღაც გაამყარა სიმპტომატიკის მხრივ, მაგრამ ჩვენი კვლევის შედეგს ამის დასტურად ვერ გამოიყენებდა. ჩვენ კვლევაში აქცენტი გვქონდა სიმპტომატიკაზე, ლაბორატორიულ, კარდიოგრამულ მაჩვენებლებზე. ამის შედეგად დავადგინეთ ჯანმრთელობაზე მოქმედი გრძელვადიანი შედეგები. საერთოდ, შეიძლება, რამდენიმე ნივთიერების კლინიკური გამოვლინება ერთმანეთს ემთხვეოდეს. გააჩნია დოზირებას, შეიძლება, ცრემლსადენი გაზის არასწორი დოზირებით და არასწორ ადგილას გამოყენებით, არასწორი დროის ექსპოზიციით დაემთხვეს იმის ერთჯერად ეფექტს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიტყვით“, – განაცხადა გელა ღუნაშვილმა.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.