ექიმი - ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია დასრულდა, მდგომარეობა არის მძიმე
ექიმი - ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია დასრულდა, მდგომარეობა არის მძიმე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია დასრულდა. ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ნეიროქირურგის, არჩილ ჯვარშეიშვილის ინფორმაციით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჯვარშეიშვილის თქმით, შესაძლოა, გამსახურდიას ქირურგიული ჩარევა ისევ დასჭირდეს.

“პაციენტის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მრავლობითი ტრავმა არის გულმკერდის არეში, ასევე მრავლობითი ტრავმაა თავის ტვინის და თავის ქალასი. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს. დაზიანებული იყო ქალა-ტვინის ძვლები. შვიდ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა ოპერაცია. ჰემატომები ამოღებულია, დეკომპრესია გაკეთებულია. ტვინის მდგომარეობა ოპერაციის შემდგომ, ჰემატომების მოშორების შემდეგ იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა. ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა. შესალოა, ისევ დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა როგორც თავზე, ისე გულ-მკერდზე“,- განაცხადა ექიმმა, არჩილ ჯვარშეიშვილმა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას მანამდე ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.