ექიმი - ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
ექიმი - ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკაში ჟურნალისტებს ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, ჯერ უცვლელია მკურნალობის მოცულობაც. ამასთან, დაგეგმილია ტომოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება.

„პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა, კვლავინდებურად მძიმე რჩება. შესაბამისად, მკურნალობის მოცულობა ამ ეტაპზე უცვლელია. დაგეგმილი გვაქვს ტომოგრაფიული გამოკვლევა, ხვალ გაკეთდება თუ შაბათს, ჯერ ვერ გეტყვით. ეს არ არის გადაუდებელი გამოკვლევა, ეს არის წინასწარ შეთანხმებით გამოკვლევა, რომელიც შესაბამისად, ხვალ, მაქსიმუმ, ზეგ გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა კვაჭაძემ.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანას, ექიმი ამბობს, რომ თუ ოჯახი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კლინიკა მათ მაქსიმალურად დაეხმარება.

„დავაფიქსირებ კლინიკის პოზიციას – თუ მსგავსი წინადადება იქნება, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ოჯახს, რომ ამ საქმის ორგანიზებამ ჩაიაროს სათანადო დონეზე. საჭიროება არსებობს თუ არა, ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, ამას საზღვრავს ოჯახი მხოლოდ. პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მართვით სუნთქვაზეა. მოცულობა მკურნალობისა, ამ ეტაპზე არ შეცვლილა. არ იგეგმება არანაირი ჩარევა, გარდა დაგეგმილი საკონტროლო გამოკვლევებისა“, – აღნიშნა ნიკოლოზ კვაჭაძემ.