ექიმი აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის კვლევების საბოლოო პასუხები ხვალ გახდება ცნობილი
ექიმი აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის კვლევების საბოლოო პასუხები ხვალ გახდება ცნობილი

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რესპირატორული სიმპტომებით ამ ეტაპზე ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი ჩინეთის. როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩინეთის ორ მოქალაქესთან, რომლებიც ბავშვები არიან, ამ ეტაპზე ცხვირსახის ვირუსუკოგიური კვლევით დადასტურდა „ა“ ტიპის გრიპი, რაც სავარაუდოდ გამორიცხავს კორონავირუსის არსებობას, თუმცა ხვალ ველოდებით საბოლოო პასუხს.

რაც შეეხება მათ ზოგად მდგომარეობას, პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, სერიოზული დარღვევები ლაბორატორიული მონაცემების არ აღენიშნებათ და რაც მთავარია რენდგენოლოგიური კვლევით არც ერთთან არ დადგინდა პნევმონია, რაც მოგეხსენებათ არის მთავარი და ძირითადი გართულება ახალი კორონავირუსის.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, საქართველოს მოქალაქე დედა-შვილს, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მათთანაც არ დასტურდება პნევმონია, ლაბორატორიული კვლევებით არ არის სერიოზული დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამ ეტაპზე ტემპერატურა აქვთ ნორმაში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

ასევე გვყავს საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამაკაცი, რომელთანაც ასევე არ აღინიშნება სერიოზული დარღვევები, მასთანაც ხვალისთვის ველოდები საბოლოო პასუხებს, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ“,- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ექიმის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ამასთან ექიმი მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ შესაბამისი კლინიკური სიმპტომები, როგორიც არის ცხელება, ხველა, საერთო სისუსტე, აუცილებელად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

„პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჯერ არც ერთი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში არ არის. ტექნიკურად დაავადებათა კონტროლში ტარდება კვლევები ყველა შესაძლო რესპირატორულ ინფექციებზე, მათ შორის სხვა დანარჩენ კორონავირუსებზე და გამორიცხვის შემთხვევაში მაღალი რისკის დროს ხდება გაგზავნა დასადასტურებლად სხვა ქვეყანაში. ამ კონკრეტულ პაციენტებზე ჯერ ველოდებით კვლევების შედეგებს“,- აცხადებს ექიმი.