ექიმების შეფასებით, ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ექიმების შეფასებით, ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს.

ექიმების შეფასებით, ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტი ბესტაევი ჩამოვიყვანეთ დიაგნოზით ჰემორაგიული ინსულტი, სისხლის პარკუჭებში გაჟონვით. ავადმყოფის მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფება მართვის სუნთქვაზე, ახლა ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში ჩაუტარდება ყველა გამოკვლევა, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია და ამის შემდეგ ნეიროქირურგი გადაწყვეტს შემდეგ ტაქტიკას და მკურნალობას“, – განაცხადა კატასტროფის ბრიგადის ექიმმა, ზაურ ჯიქიამ.

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის მორიგე რეანიმატოლოგი გიორგი გვარამაძე აცხადებს, რომ იგეგმება ნეიროქირურგიული ჩარევა.

„პაციენტი გადმოყვანილია კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში არის ამჟამად. ჰემორაგიული ინსულტი აქვს ამ ეტაპზე დადგენილი და იგეგმება ნეიროქირურგიული ჩარევა. შემდეგ გვეცოდინება, რა მდგომარეობაა და როგორ წარიმართება მოვლენები. ამ მომენტისთვის არის მძიმე და კრიტიკული, პროგნოზის გაკეთება მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია, არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა გიორგი გვარამაძემ.

უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა.

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას“, – განაცხადეს სუს-ში.