ექიმების ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
ექიმების ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანაზე სტამბოლის ერთ-ერთმა კლინიკამ ქართულ მხარეს ინფორმაცია, შესაძლოა, რამდენიმე საათში მიაწოდოს.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის მენეჯერის განცხადებით, სტამბოლის კლინიკის მენეჯერი მათ დაპირდა, რომ საღამოს საათებში გარკვეული ტიპის ინფორმაციას მიაწვდიან.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა და სტაბილურად მძიმეა. თურქეთში მდებარე კლინიკიდან გარკვეული ინფორმაციას ველოდებით, პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროც და ოჯახიც უკავშირდება სხვა კლინიკებსაც“, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირებას, ამაზე კონსილიუმმა დადებითი გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო და გუშინ კლინიკაში სტამბოლის ერთ-ერთი კლინიკის მენეჯერთანაც გაიმართა შეხვედრა.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.