ექიმების ინფორმაციით, გურიაში ავარიის დროს დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა, მცირეწლოვანი მართვით სუნთქვაზეა
ექიმების ინფორმაციით, გურიაში ავარიის დროს დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა, მცირეწლოვანი მართვით სუნთქვაზეა

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ პირველ არხს „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ შორის ერთი, მცირეწლოვანი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა.

მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სულ ხუთი ადამიანი შეიყვანეს. მათგან სამი არასრულწლოვანია.

დავით მდინარაძის განცხადებით, პაციენტებს გამოკვლევები უტარდებათ და დაკვირვების ქვეშ არიან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფებს 13 წლის გოგო გარდაცვლილი დახვდათ. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი თავის ღია ჭრილობით, ხოლო 50 წლამდე ასაკის ქალი თავის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.