ექიმების ინფორმაციით, ფოთში აფეთქებისას დაშავებულებს ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ
ექიმების ინფორმაციით, ფოთში აფეთქებისას დაშავებულებს ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ

ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, განთენიისას კლინიკაში შეიყვანეს აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირი – 16, 29, 33 და 41 წლის პაციენტები.

მისი თქმით, 41 წლის პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, გარდაიცვალა.

თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების ჩატარების შემდეგ ის ბინაზე გაწერეს.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში ტრავმული შოკითა და მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით მოათავსეს. მოგვიანებით, 16 წლის პაციენტი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, 29 წლის პაციენტი კი ტრავმული შოკით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება განთენიისას მოხდა. სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.