EPP-ის დელეგაციის წევრები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
EPP-ის დელეგაციის წევრები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოში სტუმრად მყოფი EPP-ის დელეგაციის წევრები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების ლიდერები ევროინტეგრაციის საკითხებზე და ამ პროცესში რელიგიის როლზე იმსჯელეს. მათ ნაწილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე ისაუბრეს, მათ შორის მეჩეთის მშენებლობის ირგვლივ არსებულ დისკუსიებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე და რელიგიურ ნიადაგზე არსებულ კონფლიქტებზე.

რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ ეკლესია უნდა ფიქრობდეს სახელმწიფოებრივად, საკუთარი მრევლისა და ხალხის სასარგებლოდ.

„ჩვენი პრინციპია, პატივი ვცეთ სახელმწიფოს კანონებს, ვემორჩილებით მათ. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ეს კანონები არ იყოს მომართული ჩვენი რელიგიის წინააღმდეგ. თუ ისინი წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენთან, პირიქით, მას მხარს ვუჭერთ, მივდივართ დათმობებზეც და ვეხმარებით კიდეც მის აღსრულებას. მთავარია ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს, ჯერ ასეთი ფაქტი არ შემხვედრია, ყოველ შემთხვევაში საქართველოში”, – აღნიშნა რაბინმა, ავიმელექ როზენბლათმა.

როგორც EPP-ის წევრმა, რომან შტრასერმა განაცხადა, ბოლო წლებში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია.

„მე ვარ საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის წევრიც და ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, თუ რა როლს თამაშობს სხვადასხვა რელიგია ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ და გავცვალოთ იდეები და გავიგოთ, რას ფიქრობენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, თუ რა გამოწვევებსა და საფრთხეებს ხედავენ ისინი ამ კუთხით, ისეთს რაც ჩვენ ვერ დავინახეთ. რაც მთავარია, რაში ხედავენ პრობლემის გადაჭრის გზებს. სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს თავიანთი დაკვირვებები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამის სინთეზი, რომ სრული სურათის დანახვა შევძლოთ”, – აღნიშნა EPP-ის წევრმა, რომან შტრასერმა საუბრისას.