ეპისკოპოსი მელქისედეკი - არ უნდა გვჭირდებოდეს ახსნა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანები, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები არიან
ეპისკოპოსი მელქისედეკი - არ უნდა გვჭირდებოდეს ახსნა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანები, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები არიან

ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანები, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები არიან, არავის აქვს უფლება, საკუთარი ნებსითი ან უნებლიე მოქმედებით, კიდევ ერთი დამატებითი კონფლიქტის კერა გააჩინოს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ უბისისა და მარგვეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სოციალურ ქსელში წერს.

ეპისკოპოსი მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის გამო შექნილ ვითარებას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმიანება.

„ახლა არაა დაყოფის დრო!

​ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,
​ქვეყანაში (და ზოგადად მსოფლიოში) შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი თვეა, ყველას განსხვავებულ ვითარებაში გვიწევს მოქმედება. მათ შორის სასულიერო პირებსაც. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე საჯარო მიმართვა გავავრცელეთ, რათა იმ საკითხებზე გაგვეცა პასუხი, რაც მორწმუნეებს აინტერესებთ. ამავე თემას მიემართება წინამდებარე განცხადება.

​უპირველესად მსურს ყველამ გავითავისოთ, რომ ახლა არაა დაყოფის დრო! თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საკუთარი მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი, რწმენა, ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური შეხედულება თუ სხვა სახის მახასიათებელი, რომელიც თითოეულ ადამიანს უნიკალურ ინდივიდად გვხდის. ეს უფლისმიერი დიდი წყალობაა, მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში, ჩვენ დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ ეს ყველაფერი და გავერთიანდეთ ერთ ჭერქვეშ – საქართველოს სახელმწიფოში, საერთო მტრის – კორონავირუსის წინააღმდეგ. საქართველოს ისტორია ნათლად გვარწმუნებს, რომ მტერი მაშინ გვძლევდა, როდესაც ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა გვიჭირდა. დროა ვისწავლოთ წარსულის გამოცდილებიდან და იგივე შეცდომა დღეს აღარ გავიმეოროთ, გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ!

​აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ თემას. მოგეხსენებათ ბოლნისსა და მარეულში კარანტინი გამოცხადდა, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია. უპირველესად ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარანტინის დაწესება მსგავს ვითარებებში, სრულიად მიღებული პრაქტიკაა დასავლეთის უამრავი დემოკრატიული ქვეყნისთვის, რისი მაგალითების მოძიებაც მარტივად შეგვიძლია. მეორე საკითხი ისაა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება სხვა რეგიონშიც მოუხდეს იგივეს გაკეთება, რამაც საბოტაჟისა და დაუმორჩილებლობის საფუძველი კი არ უნდა მოგვცეს, არამედ სახელმწიფოებრიობის, საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე გაასკეცებული ზრუნვისაკენ უნდა დაგვაფიქროს. ეკლესიაში მოსულები ხშირად ვისმენთ ხოლმე საკითხავებს, თუ როგორ დაითმინა რომელიმე წმინდანმა ღმერთის ან მოყვასის სიყვარულის გამო ტანჯვა, წამება, გვემა, ეს ყველაფერი მოგვწონს და ინსტიქტურად მის მიბაძვასაც ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ დავფიქრდეთ, როგორი შეუსაბამოა, რომ ერთი მხრივ ვბაძავდეთ ადამიანს, რომელმაც სხვა პიროვნებებისადმი წამება დაითმინა და ამ დროს არ შეგვეძლოს რამდენიმე დღე ან კვირა, კარანტინში გავჩერდეთ. ამასთანავე, არ შემიძლია არ აღვნიშნო მარნეულში და ბოლნისში მცხოვრები ჩვენი ძმებისა და დებისადმი მიმართული სიძულვილის ენა, რომელიც ეთნიკური, რელიგიური და ზოგადად სახელმწიფოებრივი შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. წესით, არ უნდა გვჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანები, მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები არიან, მათაც ჩვენსავით (ან უფრო მეტად) უყვართ ჩვენი ძვირფასი სახელმწიფო, ზრუნავენ მასზე, ასრულებენ დაკისრებულ შესაბამის მოვალეობებს და არავის აქვს უფლება, საკუთარი ნებსითი ან უნებლიე მოქმედებით, კიდევ ერთი დამატებითი კონფლიქტის კერა გააჩინოს ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შეიძლება, რომ ხვალ საერთოდ სხვა რეგიონი აღმოჩნდეს იდენტურ მდგომარეობაში.

​ამ ,,მსოფლიო ომში“, რომელშიც ჩვენი პლანეტა და შესაბამისად საქართველოც იმყოფება, გადამწყვეტი მნიშნველობა ხელისუფლების მოქმედებას კი არა, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას აქვს, რომელიც ძალიან წვრილმან საკითხებს ეყრდნობა. სახელდობრ: ჰიგიენის დაცვას; ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონას, რომელიც იმუნიტეტს გვიძლიერებს; ერთმანეთთან დისტანციის დაცვას; თუნდაც შეხვედრისას მისალმების ფორმას და სხვა ისეთ წვრილმანებს, რომლებმაც, საერთო ჯამში, ძალიან დადებით შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, ასე რომ, გთხოვთ თითოეულ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, სანამ ეს ომი არ დასრულდება.

​და ბოლოს, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩემო სულიერო შვილებო, მეგობრებო, ახლობლებო, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მყოფო თანამემამულეებო, თავს უფლებას ვაძლევ თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი გმირი მედიკოსებისა და შესაბამისი უწყებებისადმი დასახმარებლად, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, გავითვალისწინოთ მათი რჩევები და რეკომენდაციები, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ნუ ვიქნებით ფანატიკოსები და მერწმუნეთ, უფლის მადლით, ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ. აუცილებლად გვახსოვდეს ქრისტეს სიტყვები: ,,მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას“ (იოანე: 16-33)“, – წერს უბისისა და მარგვეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი.