ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ფოთის საზღვაო აკვატორიაში ჩინურ გემზე ვირუსის ან რამე საშიშროების შესახებ შესაბამის სამსახურს ინფორმაცია არ მიუღია
ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ფოთის საზღვაო აკვატორიაში ჩინურ გემზე ვირუსის ან რამე საშიშროების შესახებ შესაბამის სამსახურს ინფორმაცია არ მიუღია

ფოთის საზღვაო აკვატორიაში შემოსული ჩინური გემი 24 ნოემბრიდან ზღვაშია და მას შემდეგ ჩინეთში არ ყოფილა, – ამის შესახებ ფოთისა და ყულევის პორტების სანიტარული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ეპიდემიოლოგმა, სულხან მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გემზე რამე ვირუსის შემთხვევის ან საფრთხის შესახებ საზღვაო ჯანდაცვის ცენტრიდან სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს არანაირი შეტყობინება არ მიუღია.

მისივე ინფორმაციით, გემი რეიდზე დგას და ფოთის პორტის ნავმისადგომთან ჯერ არ მისულა.

„24 იანვარს ფოთის საზღვაო აკვატორიაში რუმინეთიდან შემოვიდა ჩინური გემი. გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნული გემი ბოლოს ჩინეთში 24 ნოემბერს იმყოფებოდა, მას შემდეგ იქ არ შესულა. ეკიპაჟის წევრები ჩინელები არიან. როგორც ვიცით, აღნიშნული პირები არ აპირებენ დატოვონ გემი. შესაბამისად, კოორდინაციაში ვიმყოფებით საზღვაო ჯანდაცვის ცენტრთან, საქმის კურსში არიან და დღეის მდგომარეობით, მათ არ გადმოუციათ დეკლარაციით, იქ დაავადებულის ან რამე სახის საშიშროების არსებობის შესახებ. შესაბამისად, ვმოქმედებთ პროტოკოლის მიხედვით“, – განაცხადა სულხან მაჭარაშვილმა.

მისი ინფორმაციით, გემი პორტში სავარაუდოდ, ხვალ შევა და რამდენიმე დღეში დაიტვირთება.

„გემზე ტვირთი არ არის. ის დაიტვირთება ფოთის პორტში და გაემგზავრება. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ წინასწარ შემოგვდის დეტალური ინფორმაცია ყველა გემზე. წინასწარ ხდება შემოწმება და რისკების შეფასება. გემი სავარაუდოდ, ხვალ შემოვა და დაახლოებით სამი-ოთხი დღე დარჩება“, – განაცხადა სულხან მაჭარაშვილმა.