„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა – ენტონი მარსიალმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ის კლუბში 2024 წლის ივნისამდე დარჩება. კონტრაქტი მისი გახანგრძლივების ერთწლიან შესაძლებლობასაც მოიცავს.
23 წლის ფორვარდმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 162 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი კლუბში 2015 წლის სექტემბერში „ლივერპულის“ წინააღმდეგ შედგა.
„ძალიან მიყვარს ეს კლუბი. აქ გადმოსვლის დღიდანვე „იუნაიტედის“ ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს. გულშემატკივრებისგან საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ვიგრძენი. ისინი ყოველთვის ბრწყინვალენი იყვნენ, არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც იქნებიან. ძალიან მინდა, რომ ოლეს და მთლიან სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მათ უფლება მომცეს, ჩემი კარიერა „ოლდ ტრაფორდზე“ გავაგრძელო. ამ კლუბის მთელი ისტორია ტიტულების მოგებაა და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ტიტული ჩვენთან ძალიან ახლოსაა“, – განაცხადა ენტონი მარსიალმა.
„ენტონი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ისეთი ფეხბურთელია, რომელთან მუშაობაც ყველა მწრვთნელს ესიამოვნება. ის ძალიან ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად აზროვნებს. გარდა ამისა, იშვიათი ტალანტის მფლობელია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მას საოცარი მომავალი ელის. ენტონისთვის „იუნაიტედი“ შესანიშნავი კლუბია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მალე უმაღლესი კლასის ფორვარდი გახდება. ყველას ძალიან გვიხარია, რომ მან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი“, – განაცხადა „მანჩესტერის“ მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.