ენტონი ჯოშუასთვის კონგოს დედაქალაქში ბრძოლას ამზადებენ, იმ ქალაქში, სადაც ალიმ და ფორმენმა იჩხუბეს
ენტონი ჯოშუასთვის კონგოს დედაქალაქში ბრძოლას ამზადებენ, იმ ქალაქში, სადაც ალიმ და ფორმენმა იჩხუბეს

ცნობილმა საკრივო პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანელი მძიმეწონოსნის ენტონი ჯოშუას მორიგ ორთაბრძოლაზე. ჰირნის სურვილია, ეს შეხვედრა ქალაქ კინშასაში გაიმართოს.

სწორედ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, 1974 წელს შედგა კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმენს შორის. ამ ბრძოლას „ქუხილი ჯუნგლებში” (The Rumble in the Jungle) უწოდეს. ლეგენდარული პრომოუტერის დონ კინგის მიერ ორგანიზებულ ორთაბრძოლაში ალიმ მერვე რაუნდში გაიმარჯვა.

„შესაძლოა, ეს არის ყველა დროის ყველაზე ცნობილი ადგილი საკრივო ბრძოლისთვის. კონგოს მთავრობა აპირებს სტადიონის რესტავრაციას. ეს განსაკუთრებული მომენტია, ეს დიადი მემკვიდრეობაა. ასეთი ბრძოლები განსაზღვრავენ კარიერას.

ამ თემაზე რამდენიმე შეხვედრა გავმართე. ჯერ ნაადრევია რაიმე კონკრეტულზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მიზანი – კინშასაში ბრძოლის გამართვა. ენტონის სურს სპორტში თავისი კვალი დატოვოს. მას უჩხუბია ბრიტანეთში, „მედისონ სკვერ გარდენში”, საუდის არაბეთში. საჭიროა ამ სიას დავამატოთ აფრიკა, ჩინეთი და შორეული აღმოსავლეთი. მაშინ ის მსოფლიო ვარსკვლავის სტატუსს მიიღებს”, – თქვა ჰირნმა.

გასული წლის დეკემბერში, 30 წლის ჯოშუამ დაიბრუნა სუპერმძიმე წონაში WBA-ს, IBF-სა და WBO-ის საჩემპიონო ქამრები, როცა მატჩ-რევანშში დაამარცხა მექსიკელი ენდი რუისი.