ენტონი ფაუჩი - არ ვარ დარწმუნებული, რომ კორონავირუსი ბუნებრივად განვითარდა, ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ გამოძიება, რა მოხდა ჩინეთში
ენტონი ფაუჩი - არ ვარ დარწმუნებული, რომ კორონავირუსი ბუნებრივად განვითარდა, ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ გამოძიება, რა მოხდა ჩინეთში

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ის დარწმუნებული არ არის, რომ „კოვიდ-19“ ბუნებრივად განვითარდა. მან ვირუსის წარმომავლობის დასადგენად გამოძიების ჩატარების საჭიროებაზე ისაუბრა.

ენტონი ფაუჩის ვირუსის წარმოშობის შესახებ შეკითხვა  ფაქტების გადამოწმებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინღონისძიებაზე პლატფორმა „პოლიტი-ფაქტის“ წარმომადგენელმა, ქეითი სანდერსმა დაუსვა. როგორც ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ აღნიშნავს, ღონისძიება ჯერ კიდევ მიმდინარე თვის დასაწყისში გაიმართა, თუმცა მედიასაშუალებების უმეტესობის მიერ უგულებელყოფილი იყო.

„კოვიდ-19“-ის წარმოშობის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ბურუსია, ამიტომ, მინდოდა, მეკითხა, კვლავ დარწმუნებული ხართ, რომ ის ბუნებრივად განვითარდა?“, – იკითხა სანდერსმა, რაზეც ენტონი ფაუჩიმ უპასუხა: – „სინამდვილეში, არა“.

„მე არ ვარ ამაში დარწმუნებული, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება, თუ რა მოხდა ჩინეთში, ვიდრე ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში არ დავადგენთ, რა მოხდა.

რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც ამას იძიებდნენ, ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ ცხოველთა რეზერვუარიდან წარმოიშვა და შემდეგ დააინფიცირა ადამიანები, თუმცა ეს შესაძლოა, ყოფილიყო რამე სხვა და ჩვენ ეს უნდა გავარკვიოთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვთქვი, რომ მე ვემხრობი ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც ვირუსის წარმოშობას იკვლევს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

დატოვე კომენტარი