ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ზედმეტად ნაადრევია საუბარი, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის ბოლო ტალღა
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ზედმეტად ნაადრევია საუბარი, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის ბოლო ტალღა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა იმის თქმა, არის თუ არა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პანდემიის ბოლო ტალღა.

მეცნიერთა ნაწილი აცხადებს, რომ „ომიკრონი“ წინა ვარიანტებთან შედარებით ბევრად გადამდებია, თუმცა ნაკლებად მძიმედ ვითარდება, რაც შესაძლოა, იყოს პანდემიის დასრულების მანიშნებელი. თუმცა ფაუჩი აღნიშნავს, რომ ამის გარანტია ჯერ კიდევ არ არის.

„ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა. თუმცა ეს ასე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ კიდევ ერთ ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს აარიდებს“, – აღნიშნა ფაუჩიმ ვირტუალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ფაუჩის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ომიკრონი“ „კოვიდ-19“-ის ბოლო ვარიანტი იქნება, ეს ვირუსის საბოლოო დამარცხებას არ ნიშნავს. დიდი ალბათობით, ის დარჩება საზოგადოებაში ენდემურ დონეზე.

„კონტროლი ნიშნავს, რომ ის კვლავ რჩება, თუმცა რჩება ისეთ დონეზე, რაც არ აფერხებს საზოგადოებას. ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხდება. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ის იქნება იმდენად დაბალ დონეზე, რომ არ დაარღვევს ნორმალურ სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებს“, – განაცხადა ფაუჩიმ.