ენტონი ბლინკენმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა
ენტონი ბლინკენმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარადგინა.

„ადამიანის უფლებების მთავარი პრინციპი არის ის, რომ ის უნივერსალურია. ყველა ადამიანს აქვს ამის უფლება, განურჩევლად იმისა, თუ სად დაიბადა, რისი სწამს, ვინ უყვარს. ადამიანის უფლებები ასევე თანასწორია, არ არსებობს იერარქია, რომელიც ზოგიერთ უფლებას უფრო მნიშვნელოვნად აქცევს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის იერარქიული მიდგომა არ წარმოადგენს არსებული ადმინისტრაციის სახელმძღვანელო დოკუმენტს.

ანგარიშის წარდგენისას ენტონი ბლინკენმა რამდენიმე ქვეყანა ჩამოთვალა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა, მათ შორის დაასახელა: ბელარუსი, რუსეთი, სირია, ჩინეთი, მიანმარი.

„შეხედეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების უფლებებს არღვევენ. ისინი უმეტესად იგივე ქვეყნები არიან, რომლებიც საერთაშორისო წესებს არღვევენ – იქნება ეს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, კიბერთავდასხმები, დისიდენტების შევიწროება, დეზინფორმაციის გავრცელება თუ სავაჭრო წესების დარღვევა“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ეს ანგარიში მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის საკმარისი და შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების დარღვევებთან საბრძოლვებად ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, დამნაშავეები კი პასუხს აგებენ.