ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გახსნას ლაჩინის დერეფანი კომერციული გადაზიდვებისთვის
ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გახსნას ლაჩინის დერეფანი კომერციული გადაზიდვებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა ილჰამ ალიევს, დაუყოვნებლივ გახსნას ლაჩინის დერეფანი კომერციული გადაზიდვებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ლაჩინის დერეფანში ჰუმანიტარული კრიზისის რისკი ძირს უთხრის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პერსპექტივას.

სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გააორმაგოს ძალისხმევა სომხეთთან ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ალიევთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა ასევე აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხი დააყენა.

ლაჩინის დერეფანი ყარაბაღისა და სომხეთის ერთმანეთთან დასაკავშირებელი ერთადერთი გზაა. აღნიშნული დერეფანი დეკემბრის შუა რიცხვებიდან აზერბაიჯანელ აქტივისტებს აქვთ გადაკეტილი.