ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას გადასცემს დამატებით 1.85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც „პეტრიოტის“ თავდაცვით სისტემებსაც მოიცავს
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას გადასცემს დამატებით 1.85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც „პეტრიოტის“ თავდაცვით სისტემებსაც მოიცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის დამატებით 1.85 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. აღნიშნული პაკეტი მოიცავს „პეტრიოტის“ თავდაცვით სისტემებსაც, რომელსაც უკრაინა პირველად მიიღებს.

„ეს მილიარდი დოლარი უკრაინას უზრუნველყოფს გაფართოებული საჰაერო თავდაცვისა და ზუსტი დარტყმების შესაძლებლობებით ისევე, როგორც დამატებითი საბრძოლო მასალითა და კრიტიკული აღჭურვილობით, რომელსაც უკრაინა ეფექტურად იყენებს ბრძოლის ველზე თავის დასაცავად“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინისთვის დამატებით 850 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ განცხადებას პენტაგონიც გააკეთებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, რათა „კიევმა შეძლოს თავდაცვის გაგრძელება და მტკიცე პოზიციებით იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც ამის დრო მოვა“.