ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხი განიხილეს
ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ორმხრივი შეხვედრა ლონდონში დიდი შვიდეულის მინისტერიალის პარალელურად გაიმართა.

ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის წინაშე არსებული საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. კერძოდ, ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა ისაუბრეს ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობებზე, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზების საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გათვალისწინებით.

ბლინკენმა და ბორელმა განიხილეს ავღანეთის საკითხი და იმსჯელეს ჩინეთთან ურთიერთობებზე.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე შეშფოთება გამოთქვა კოლუმბიაში მზარდი არასტაბილურობის გამო.