ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების შიდა შესწავლის განკარგულება გასცა
ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების შიდა შესწავლის განკარგულება გასცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების შიდა შესწავლის განკარგულება გასცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც აგვისტოში ქაბული რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ დაიკავა, აშშ-მა ავღანეთიდან 124 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის აშშ-ის, ავღანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების. თუმცა ევაკუაციის პროცესს აკრიტიკებენ პირველ დღეებში მომხდარი ქაოსის გამო, ასევე იმის გამო, რომ ავღანეთში ათასობით ავღანელი დარჩა, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობდნენ და ამჟამად „თალიბანის“ მხრიდან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სახელმწიფოდ დეპარტამენტის მოდერნიზების გეგმის წარდგენისას ბლინკენმა შეაქო ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა, გამოცდილების შეფასება, რათა მომავალში მსგავსი სცენარის შემთხვევაში უკეთესად მოქმედება იყოს შესაძლებელი.

„ახლა, უკან მოხედვისას, ბევრი კითხვის დასმაა შესაძლებელი და უნდა დაისვას კიდეც: შეგვეძლო რაღაცების სხვაგვარად გაკეთება? შეგვეძლო ესა თუ ის ნაბიჯი სხვაგვარად გადაგვედგა? იქნებ თავდაპირველად ეს იდეა უნდა გვეცადა? ეს გადაწყვეტილება უფრო სწრაფად ხომ არ უნდა მიგვეღო?“, – განაცხადა ბლინკენმა ღონისძიებაზე, რომელსაც კანონმდებლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.