ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის 1 000-მდე მოქალაქე ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფება
ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის 1 000-მდე მოქალაქე ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის 1 000-მდე მოქალაქე ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფება.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ ავღანეთიდან აშშ-ის 4 500 მოქალაქე ოჯახის წევრებთან ერთად გამოიყვანა.

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა, რომ არ არსებობს ვადა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც სურთ ავღანეთის დატოვება, როგორც ამერიკელებს, ასევე სხვებს, და ეს ძალისხმევა გაგრძელდება „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ დღემდე ავღანეთიდან ევაკუირებული 80 000-ზე მეტი ადამიანის 45 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან.

„ჩვენ ვმოქმედებთ მტრულ გარემოში, ქალაქსა და ქვეყანაში, რომელსაც ახლა თალიბები აკონტროლებენ, „აისისი-ქეის“ თავდასხმის ძალიან რეალური შესაძლებლობით. ჩვენ ვიღებთ ყველა სიფრთხილის ზომას, მაგრამ ეს არის ძალიან მაღალი რისკი. როგორც პრეზიდენტმა გუშინ თქვა, ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ ჩვენი მისია 31 აგვისტომდე იმ პირობით, რომ თალიბები განაგრძობენ თანამშრომლობას და ამ ძალისხმევის შეფერხება არ მოხდება“, – განაცხადა ბლინკენმა.