ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ავღანეთიდან ჩარტერული რეისების ორგანიზებას ცდილობს
ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ავღანეთიდან ჩარტერული რეისების ორგანიზებას ცდილობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ავღანეთიდან ჩარტერული რეისების ორგანიზებას ცდილობს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კატარში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მიმდინარეობს ავღანეთიდან აშშ-ის მოქალაქეებისა და რისკის ქვეშ მყოფი ადგილობრივი პირების ევაკუაციისთვის ჩარტერული რეისების ორგანიზებაზე მუშაობა.

დოჰაში იმყოფება აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც. კატარი, აშშ და თურქეთი ერთობლივად მუშაობენ ქაბულის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისთვის. გარდა ამისა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მაზარ-ი შარიფში იდენტიფიცირებულია ათასკაციანი ჯგუფი, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ.

ჯგუფში აშშ-ის მოქალაქეები და ადგილობრივი პირები შედიან. ბლინკენის თქმით, ის უარყოფს ცნობებს, რომ „თალიბანი“ აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვების საშუალებას არ აძლევს. მისი განცხადებით, მაზარ-ი-შარიფში მყოფი პირების ევაკუაციისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრს არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, ამიტომ მთლიანი ჯგუფის ევაკუაცია ვერ განხორციელდება.

ბლინკენის თქმით, „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლეგალური დოკუმენტების მქონე პირებს ხელს არ შეუშლიან ქვეყნის დატოვებაში, ხოლო ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვთ, ავღანეთის დატოვებას ვერ შეძლებენ.