ენტონი ბლინკენი - უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის 50 პროცენტი დაიბრუნა
ენტონი ბლინკენი - უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის 50 პროცენტი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის 50 პროცენტი დაიბრუნა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბლინკენის თქმით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ დაიბრუნა ტერიტორიის ნახევარი, რომელიც რუსეთმა თავდაპირველად დაიპყრო, კიევს ძალიან მძიმე ბრძოლა უწევს უფრო მეტი ტერიტორიის დასაბრუნებლად.

„ეს ჯერ კიდევ კონტრშეტევის დღეების დასაწყისია და ეს ძალიან რთულია. ეს ვერ მოხდება მომდევნო კვირაში ან ორ კვირაში. ვფიქრობ, ამას რამდენიმე თვე დასჭირდება“, – აღნიშნა ბლინკენმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ბლინკენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ მიიღებს.

გასული თვის ბოლოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის წინსვლა რუსული ძალების წინააღმდეგ იყო „სასურველზე ნელი“, თუმცა უკრაინამ დაიბრუნა რამდენიმე სოფელი სამხრეთით და აღმოსავლეთით ქალაქ ბახმუტის მიმდებარე ტერიტორია.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ 11 ქვეყნის კოალიცია აგვისტოში დანიაში დაიწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16 ტიპის თვითმფრინავების სამართავად, ხოლო სასწავლო ცენტრი რუმინეთში იქნება. მედიასაშუალება ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მა უკრაინას 41 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია.