ენტონი ბლინკენი - უდავოა, ტრამპი ყველა დამსახურებას საკუთარ თავს მიაწერს, ეს იგივეა, ხანძრების გამჩაღებელი ტრაბახობდეს, რომ თავისივე გაჩენილი ცეცხლი მას შემდეგ ჩააქრო, რაც ნახევარი სახლი დაიწვა
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანთან გაფორმებულ შეთანხმებას აკრიტიკებს.
ბლინკენის თქმით, ამ შეთანხმების ერთადერთი „მიღწევა“ ჰორმუზის სრუტის გახსნაა, რომელიც ომამდე ისედაც ღია იყო.
„ამ ცეცხლის შეწყვეტის ერთადერთი „მიღწევა“, სავარაუდოდ, არის ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა, რომელიც ომის დაწყებამდე ღია იყო. ჩვენ, როგორც ჩანს, ირანს გადავუხდით, რომ ეს სრუტე გახსნას“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელ X-ზე.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ირანი მრავალმილიარდიან სარგებელს მიიღებს ირანული ნავთობის გაყიდვაზე შეზღუდვების მოხსნით, გაყინული აქტივების განბლოკვით და მხოლოდ ამის შემდეგ წავა თეირანი რაიმე სახის დათმობაზე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
„ირანის რეჟიმი ხელუხლებელი დარჩა, ხოლო მისმა სამხედრო ფრთამ მიიღო უფრო მეტი უფლებამოსილება იმ დროს, როდესაც ირანელი ხალხი უფრო გაღარიბდა და სასოწარკვეთილია. ირანმა, როგორც ჩანს, შეინარჩუნა რაკეტებისა და დრონების მნიშვნელოვანი მარაგი, ასევე საწარმოს სიმძლავრეები მათ დასამზადებლად. ირანმა განაახლა კავშირები მარიონეტულ ძალებთან ლიბანში, იემენსა და სხვაგან. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამაზე დუმს. ტრამპის მცდელობა, ხელახლა გაანადგუროს ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც, ტრამპის მტკიცებით, ლიკვიდირებული იყო ჯერ კიდევ შარშან, წარუმატებელი აღმოჩნდა. ირანს ჯერ კიდევ აქვს მაღალპროცენტიანი გამდიდრებული ურანი, რომელიც ომის დაწყებამდე აწარმოა, ასევე ცენტრიფუგები, რომლებიც საჭიროა ურანის იარაღის მასალად გადაქცევისთვის. შესაძლოა, ეს საკითხი განხილული იყოს მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა დაიწყოს, მაგრამ რis ფასად? სანქციების მოხსნით და აქტივების განბლოკვით? უკეთეს შემთხვევაში, ჩვენ დავბრუნდებით ირანთან წარსულში გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მსგავს დოკუმენტთან, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ ომის გარეშე გააფორმა და რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა ყუთში ჩაკეტა“, – წერს ბლინკენი.
ბლინკენი არ ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი ომამდელი პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდება. ბლინკენის თქმით, ნავთობისა და გაზის მოპოვების განახლებას, ინფრასტრუქტურის აღდგენას დრო დასჭირდება.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ასევე დიდი ხანი დასჭირდება აშშ-ის მიერ ირანთან ომში დახარჯული რაკეტების მარაგების შევსებასაც, რაც ზიანს მიაყენებს აშშ-ის შეკავების პოტენციალს მსოფლიოს სხვა ნაწილებში.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ერთადერთი დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მსოფლიომ კვლავ მიაქცია ყურადღება განახლებადი ენერგიის წყაროებს.
„თუმცა ჩინეთი იქნება გამარჯვებული, რადგან ის ლიდერია ქარისა და მზის ენერგეტიკაში, ელექტრომობილებისა და აკუმულატორების წარმოებაში. ის უფრო გაზრდის საკუთარ გავლენას, მაშინ როდესაც ტრაპის ადმინისტრაცია ქარის ელექტროსადგურებს ფულს უხდის, რომ ისინი დაიხუროს. ამით კი ამცირებს სტიმულს ელექტრომობილების სფეროში ჩვენი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის“, – წერს ბლინკენი.
ამასთან, ბლინკენის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ საშინელ შედეგს მიაღწია, როდესაც ხელი ჰკრა ევროპელ მოკავშირეებს, „რომლებსაც ორი წელი ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ, არ ატარებდნენ კონსულტაციებს ომთან დაკავშირებით, შემდეგ კი აკრიტიკებდნენ, რომ ევროპა არ დაეხმარა აშშ-ს კრიზისიდან გამოსვლაში“.
„უმთავრესი კი ისაა, რომ ტრამპმა ჩააგდო საკუთარი ომის მთავარი საგარეო პოლიტიკური ტესტი: მან ვერ გააუმჯობესა ამერიკელი ხალხის მდგომარეობა. ჩვენ, ყველა, უნდა ვიყოთ გახარებული, რომ ომი დასრულდა, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ასეა. უდავოა, რომ ტრამპი ყველა დამსახურებას საკუთარ თავს მიაწერს. ეს კი იგივეა, ხანძრების გამჩაღებელი ტრაბახობდეს, რომ თავისივე გაჩენილი ცეცხლი მას შემდეგ ჩააქრო, რაც ნახევარი სახლი დაიწვა“, – წერს ბლინკენი.