ენტონი ბლინკენი - თელ-ავივში ვიზიტისას განვიხილავ ნაბიჯებს, რომლებიც ისრაელმა უნდა გადადგას ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, თელ-ავივში ვიზიტისას განიხილავს იმ ნაბიჯებს, რომლებიც, მისივე განცხადებით, ისრაელმა უნდა გადადგას ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„შეერთებულ შტატებს, ისრაელს, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ პასუხისმგებლობა, გააკეთონ ყველაფერი, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის ზიანის შესამცირებლად. ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს საუბარი იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ შევქმნათ პირობები გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის, როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის. ველოდები, რომ ეს იქნება საუბრები, რომლის განხორციელების შესაძლებლობა გვექნება მომდევნო ორი დღის განმავლობაში“,- აღნიშნა ბლინკენმა.
ამასთან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი არ უნდა გავრცელდეს და შეერთებული შტატები ამის თავიდან ასაცილებლად ესაუბრება როგორც ისრაელის მთავრობას, ასევე რეგიონის პარტნიორებს.
ბლინკენი აცხადებს, რომ ასევე მათთვის მნიშვნელოვანია, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი და ამერიკის მოქალაქეების ღაზიდან გაყვანა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 3 ნოემბერს ისრაელში ჩავა.