ენტონი ბლინკენი ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან საუბრისას სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართულ შეხვედრას მიესალმა
ენტონი ბლინკენი ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან საუბრისას სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართულ შეხვედრას მიესალმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბრების დროს ენტონი ბლინკენმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ორმხრივი დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა და მიესალმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართულ ბოლო შეხვედრას.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზებშია აღნიშნული, ენტონი ბლინკენმა ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან განიხილა რეგიონში მშვიდობის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა. სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმაროს რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების ხელშეწყობას.

მან ასევე დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებების მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზად არის, ჩაერთოს ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პარტნიორებთთან ერთად, რათა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში.

ენტონი ბლინკენმა ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაათავისუფლოს სომხეთის ყველა დაკავებული მოქალაქე. მან ასევე შეაქო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ პოზიტიური დინამიკისთვის და კონკრეტული შეთანხმებებისთვის.