ენტონი ბლინკენი - ნატო-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად, 11 სექტემბრამდე დატოვებენ
ენტონი ბლინკენი - ნატო-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად, 11 სექტემბრამდე დატოვებენ

ნატო-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დროა სამხედროები სახლში დაბრუნდნენ.

„ეს მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ალიანსისთვის. თითქმის 20 წლის წინ, 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დაესხნენ. ჩვენ ერთად შევედით ავღანეთში, რათა პასუხი გაგვეცა მათთვის, ვინც თავს დაგვესხა და დავრწმუნებულიყავით, რომ ავღანეთი ტერორისტების სამოთხე აღარასდროს გახდებოდა, ტერორისტების, რომლებიც მერე რომელიმე ჩვენგანს თავს დაესხმებოდა. ჩვენ ერთად მივაღწიეთ დასახულ მიზნებს. ახლა კი დროა, ჩვენი ძალები სახლში დავაბრუნოთ. აქ ვარ იმისთვის, რომ მჭიდროდ ვიმუშაო მოკავშირეებთან, ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად იმ პრინციპზე, რაც ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ დასაწყისშივე: ერთად შევედით, ადაპტირება ერთად გავიარეთ და ერთად დავტოვებთ“, -განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმას ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, მანამდე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განკარგულების გამოცემას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.

დღეისათვის აშშ-ს ავღანეთში 2 500-მდე სამხედრო ჰყავს დისლოცირებული. 2011 წელს ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 100 000-ს აჭარბებდა.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთიდან გასვლის სავარაუდო თარიღი დროში ემთხვევა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლისთავს.