ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებთ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება, დაძაბულობა გააღვივოს
ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებთ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება, დაძაბულობა გააღვივოს

მიუღებელია ბოლოდროინდელი ძალადობრივი თავდასხმები კოსოვოს პოლიციაზე, ბანსკას მონასტრის მახლობლად. მოვუწოდებთ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება, დაძაბულობა გააღვივოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა.

ბლინკენის განცხადებით, აშშ მკაცრად გმობს კოსოვოს პოლიციაზე თავდასხმებს და სამძიმარს უცხადებს დაღუპული პოლიციელის ოჯახს.

„ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები გამჭვირვალე გამოძიების გზით უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა ბლინკენმა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ბლინკენმა მოუწოდა კოსოვოსა და სერბეთს, დაუყოვნებლივ იმუშაონ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულად სიტუაციის დეესკალაციისთვის, უსაფრთხოების, კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და დაუბრუნდნენ დიალოგს.

„კოსოვოს პოლიციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა კოსოვოს რესპუბლიკაში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. აშშ აფასებს და პატივს სცემს რეაგირებას საგანგებო და კრიზისული სიტუაციის დროს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ.