ენტონი ბლინკენი მადლობას უხდის აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ
ენტონი ბლინკენი მადლობას უხდის აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს. ეს ოპერაცია იყო გლობალური ძალისხმევა. მრავალმა ქვეყანამ შეიტანა დიდი წვლილი საჰაერო ევაკუაციაში, მათ შორის აეროპორტში ჩვენს გვერდით მუშაობით. ზოგიერთი ახლაც კი ემსახურება როგორც სატრანზიტო ქვეყანა, სადაც ევაკუირებულებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ რეგისტრაცია და გააგრძელონ მათი საბოლოო დანიშნულების გზა. სხვებმა თანხმობა განაცხადეს, განათავსონ ავღანელი ლტოლვილები მუდმივად და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში უფრო მეტი გააკეთებს ამას. ჩვენ გულწრფელად მადლობელი ვართ მათი მხარდაჭერისთვის. ახლა აშშ-ის სამხედრო რეისები დასრულდა და ჩვენმა სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს ავღანეთი. ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო. ეს არის ის, სადაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით. სამხედრო მისია დასრულდა. ახალი დიპლომატიური მისია დაიწყო“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთიდან 14 აგვისტოს შემდეგ 123 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის ექვსი ათასი აშშ-ის მოქალაქეა. ევაკუაციის ოპერაციას ენტონი ბლინკებმა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ლოჯისტიკისა და კოორდინაციის მხრივ გამორჩეული უწოდა.

ენტონი ბლინკენის თქმით, ავღანეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ოპერაცია დოჰაში გადაინაცვლებს. ამასთან, აშშ გააგრძელებს ავღანეთში დარჩენილი აშშ-ის მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების დახმარებას, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ. ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ავღანეთში რჩება 100-დან 200-მდე აშშ-ის მოქალაქე. მათ შორის არიან ორმაგი მოქალაქეების მქონე პირები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სურთ თუ არა ავღანეთის დატოვება.