ენტონი ბლინკენი ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტზე - წინსვლის საუკეთესო და ერთადერთი გზა ორ სახელმწიფოზე გადის
ენტონი ბლინკენი ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტზე - წინსვლის საუკეთესო და ერთადერთი გზა ორ სახელმწიფოზე გადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონ ბლინკენის განცხადებით, წინსვლის საუკეთესო და, საბოლოო ჯამში, ერთადერთი გზა ორ სახელმწიფოზე გადის. ამის შესახებ მან დანიაში ვიზიტისას ადგილობრივი ტელევიზიისთვის, DR-TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე კონფლიქტზე საუბრისას განაცხადა.

„მე გეტყვით, რისი გვჯერა და რისი სჯერა პრეზიდენტ ბაიდენს და ეს არის ის, რომ წინსვლის საუკეთესო და საბოლოო ჯამში, ერთადერთი გზა ორ სახელმწიფოზე გადის. ეს ნიშნავს, რომ ისრაელს, როგორც ებრაულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, ექნება ნამდვილად გრძელვადიანი უსაფრთხოება ორი სახელმწიფოს შედეგად, ხოლო პალესტინელები მიიღებენ სახელმწიფოს, რომლის უფლებაც მათ აქვთ. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ვინმეს მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯებს, რომლებიც ორი სახელმწიფოს პერსპექტივას კიდევ უფრო რთულს ხდის, ვიდრე ის უკვე არის, და ჩვენ ამის შესახებ მკაფიოდ განვაცხადეთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ახლა საჭიროა ძალადობის შეწყვეტა და მშვიდობის აღდგენა.

ამასთან, კიდევ ერთ დანიურ ტელეკომპანიასთან, TV2-თან საუბრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ ასევე ძალიან სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ყალბ ტოლობას ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც განურჩევლად ესვრის რაკეტებს მშვიდობიან მოქალაქეებს, და ისრაელს შორის, რომელიც ამ თავდასხმებს პასუხობს. ეს არის ყალბი ტოლობა. მოგიყვანთ კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითს. ვფიქრობ, ბოლო მონაცემებით, ისრაელმა ღაზაში ტერორისტულ სამიზნეებზე დაახლოებით ორი ათასი დარტყმა განახორციელა. ღაზადან „ჰამასის“ მიერ ისრაელში გაშვებული რაკეტების რაოდენობა სამი ათასს აღემატება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონს სურს, იხილოს დეესკალაცია, ძალადობის შეწყვეტა და ასევე პალესტინელთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.