ენტონი ბლინკენი - ირანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას უკრაინელების მკვლელობაში ეხმარება, ვერასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს
ენტონი ბლინკენი - ირანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას უკრაინელების მკვლელობაში ეხმარება, ვერასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ირანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას უკრაინელების მკვლელობაში ეხმარება, ვერასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს. მისივე თქმით, ამისთვის ვაშინგტონი მზადაა, გამოიყენოს დიპლომატიური გზები ეკონომიკურ ზეწოლასთან ერთად.

„ირანი თუ უარს იტყვის დიპლომატიის გზებზე, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, განიხილება ყველა ვარიანტი, რათა ირანმა ვერ მიიღოს ბირთვული იარაღი“, – განაცხადა ბლინკენმა ამერიკა-ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის დასაცავად აშშ-ს ვალდებულებები ურყევია და ირანის რეჟიმი საფრთხეს უქმნის მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოებას.

„ირანი ახორციელებს აგრესიას მთელ რეგიონში და მის საზღვრებს მიღმა, კერძოდ, რუსეთის არმიას უპილოტო საფრენი აპარატებით უზრუნველყოფს, რომლებსაც იყენებენ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ამის სანაცვლოდ რუსეთი ირანს აწვდის მაღალტექნოლოგიურ იარაღს“, – განაცხადა ბლინკენმა.