ენტონი ბლინკენი - გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გამოთქმული იდეა აშკარად არ არის კარგი, მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყოფითად შეაფასა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესი გრენლანდიის მიმართ და განაცხადა რომ ეს „აშკარად არ არის კარგი იდეა“.
„ვფიქრობ, ერთ-ერთი ძირითადი რამ, რაც ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს საქმიანობაში შევიტანეთ, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, უფრო ეფექტურები, ჩვენ ვიღებთ უკეთეს შედეგებს, როდესაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან და არ ვამბობთ ან ვაკეთებთ ისეთ რამეებს, რამაც შეიძლება, დაგვაშოროს მათ“, – განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ბლინკენის თქმით, ის, რაც ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით თქვა, არ მოხდება.
„გრენლანდიასთან დაკავშირებით გამოთქმული იდეა აშკარად არ არის კარგი, მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არ მოხდება. ამიტომ ალბათ არ ღირს ამაზე დიდი დროის დახარჯვა“, – განაცხადა ბლინკენმა.