ენტონი ბლინკენი - ევროკავშირის საზღვრებთან ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის საზღვარზე რუსეთის ქმედებებისგან ყურადღების გადატანას 
ენტონი ბლინკენი - ევროკავშირის საზღვრებთან ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის საზღვარზე რუსეთის ქმედებებისგან ყურადღების გადატანას 

ევროკავშირის საზღვრებთან ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები უკრაინის საზღვარზე რუსეთის ქმედებებისგან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ენტონი ბლინკენმა პოლონეთს დაუდასტურა მხარდაჭერა ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მოწყვლადი მიგრანტების ცინიკური ექსპლუატაციის შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე.

„ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს გაყოფას და მიზნად ისახავს უკრაინის საზღვარზე რუსეთის ქმედებებისგან ყურადღების გადატანას. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რაუმ მკაცრად დაგმეს მოწყვლადი მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია და მოუწოდეს ლუკაშენკოს, აღმოფხვრას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ძირითადი მიზეზები, რაც არის ბელარუსი ხალხის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უარყოფა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„აშშ, პოლონეთი, ასევე, სხვა მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანები არიან იმაში, რომ მოსკოვს მნიშვნელოვანი საფასური დააკისრონ მისი სამხედრო აგრესიისთვის და მავნე ქმედებისთვის რეგიონში“, – აღნიშნულია განცხადებაში.