ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ
ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ენტონი ბლინკენმა ჟოზეფ ბორელთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა აშშ-ისა და ევროკავშირის პარტნიორობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ევროკავშირთან ერთად იმუშაოს საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავღანეთთან დაკავშირებული საკითხები და განაცხადეს, რომ მოელიან აშშ-ისა და ევროკავშირის უმაღლესი დონის დიალოგის დაწყებას რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების თემაზე. ბლინკენი და ბორელი ასევე შეთანხმდნენ, დაიწყოს დიალოგი ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონის სტრატეგიის შესახებაც.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიესალმა ევროკავშირის ერთსულოვან მხარდაჭერას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივისადმი და გაფართოების პროცესისადმი, მან ხაზი გაუსვა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებას“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ვენესუელაში დემოკრატიული წესრიგის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას და შეშფოთება გამოთქვეს ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების გამო, რაც ეკონომიკის აღდგენაზე აისახება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადსტურა ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერა ევროპული თავდაცვის განმტკიცებისადმი, რაც ბლინკენის თქმით, დადებითად აისახება ტრანსატლანტიკურ და გლობალურ უსაფრთხოებაზე და სრულად თავსებადია ნატო-სთან.