ენტონი ბლინკენი - ჩინეთმა ჯანდაცვის ექსპერტებს წვდომა შეუზღუდა, რამაც პანდემია უფრო გაართულა, ვიდრე მოსალოდნელი იყო
ენტონი ბლინკენი - ჩინეთმა ჯანდაცვის ექსპერტებს წვდომა შეუზღუდა, რამაც პანდემია უფრო გაართულა, ვიდრე მოსალოდნელი იყო

ჩინეთმა ჯანდაცვის ექსპერტებს წვდომა შეუზღუდა, რამაც „კოვიდ-19“-ის პანდემია უფრო გაართულა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთმა არ გააზიარა ინფორმაცია რეალურ დროში, რათა ნამდვილი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უფრო დამაჯერებელი ანგარიშის მიღება, თუ როგორ დაიწყო პანდემია.

„ჩვენ ეს ზუსტად იმგვარად უნდა გავაკეთოთ, რომ სრულად გავიგოთ, თუ რა მოხდა. ამგვარად, გვექნება საუკეთესო სურათი, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ძირამდე ჩასვლა“, – განაცხადა ბლინკენმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ჩინელ მეცნიერებთან ერთად შეიქმნა, ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანებს ღამურებისგან გადაეცათ სხვა ცხოველის საშუალებით და ლაბორატორიიდან გაჟონვა „ნაკლებად სავარაუდოა“.