ენტონი ბლინკენი - რუსეთის ჯარმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა და ამის დოკუმენტირებაზე ვმუშაობთ
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ჯარმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა და ამის დოკუმენტირებაზე ვმუშაობთ

ბუჩაში მოკლული უკრაინელების სურათები მტკივნეულ ადგილას დარტყმაა, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სიენენთან ინტერვიუში განაცხადა.

ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას ნებისმიერი სისასტიკის დოკუმენტირებაში გაუწევს დახმარებას, რომლებიც რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინაში ჩაიდინეს.

„არ შეიძლება, რომ ამ სურათებში არ დაინახოთ მტკივნეულ ადგილას დარტყმა. აგრესიის შემდეგ, ჩვენ ვთქვით – გვჯერა, რომ რუსეთის ჯარმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები და ვმუშაობთ ამის დოკუმენტირებაზე, რათა შესაბამის დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდეთ ყველაფერი ის, რაც საჭიროა იმის შესაფასებლად, რა მოხდა უკრაინაში და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკრაინისთვის საბჭოთა დროინდელი ტანკების გადაცემაზე, თუმცა აღნიშნა, რომ მალე აშშ უკრაინას ანტისატანკო სისტემებს გაუგზავნის და ყოველ ერთ რუსულ ტანკზე უკრაინას ათი ანტისატანკო იარაღი ექნება.

უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შესახებ კითხვაზე ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ამასთან, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად შეერთებულ შტატებს სურს, დარწმუნდეს, რომ აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინას ჰქონდეს თავდაცვის შესაძლებლობები რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.