ენტონი ბლინკენი - ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო, სადაც ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით
ენტონი ბლინკენი - ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო, სადაც ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-მა ავღანეთიდან 14 აგვისტოს შემდეგ 123 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის ექვსი ათასი აშშ-ის მოქალაქეა. ევაკუაციის ოპერაციას ენტონი ბლინკებმა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ლოჯისტიკისა და კოორდინაციის მხრივ გამორჩეული უწოდა.

„აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა ქაბულში გმირული სამუშაო შეასრულეს აეროპორტის და მრავალი ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის ათი ათასობით ავღანელის უსაფრთხოების დაცვით და მათი ევაკუაციით. ისინი ასევე სასიცოცხლო საქმეს ასრულებენ ამჟამად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ში სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ავღანელებზე ზრუნვით“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა ქაბულის აეროპორტში ტერაქტის დროს გარდაცვლილ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე.

„თითქმის ყველა მათგანი იყო 20 წელს გადაცილებულები, 2001 წლის 11 სექტემბერს ისინი ჩვილები ან მცირეწლოვნები იყვნენ. მათი გარდაცვალება გამანადგურებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ მსხვერპლს და არასდროს დავივიწყებთ, მათ მიღწევებს“,- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს. ეს ოპერაცია იყო გლობალური ძალისხმევა. მრავალმა ქვეყანამ შეიტანა დიდი წვლილი საჰაერო ევაკუაციაში, მათ შორის აეროპორტში ჩვენს გვერდით მუშაობით. ზოგიერთი ახლაც კი ემსახურება როგორც სატრანზიტო ქვეყანა, სადაც ევაკუირებულებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ რეგისტრაცია და გააგრძელონ მათი საბოლოო დანიშნულების გზა. სხვებმა თანხმობა განაცხადეს, განათავსონ ავღანელი ლტოლვილები მუდმივად და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში უფრო მეტი გააკეთებს ამას. ჩვენ გულწრფელად მადლობლები ვართ მათი მხარდაჭერისთვის. ახლა აშშ-ის სამხედრო რეისები დასრულდა და ჩვენმა სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს ავღანეთი. ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო. ეს არის ის, სადაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით. სამხედრო მისია დასრულდა. ახალი დიპლომატიური მისია დაიწყო“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, ავღანეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ოპერაცია დოჰაში გადაინაცვლებს. ამასთან, აშშ გააგრძელებს ავღანეთში დარჩენილი აშშ-ის მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების დახმარებას, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ. ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ავღანეთში რჩება 100-დან 200-მდე აშშ-ის მოქალაქე. მათ შორის არიან ორმაგი მოქალაქეების მქონე პირები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სურთ თუ არა ავღანეთის დატოვება.

ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრა „თალიბანთან“ ურთიერთობაზე.

„თალიბანი ისწრაფვის საერთაშორისო ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერისკენ. ჩვენი გზავნილი შემდეგია – ნებისმიერი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა უნდა დაიმსახურო“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, თალიბანს შეუძლია, გააკეთოს ეს ვალდებულებების შესრულებით, კერძოდ მიმოსვლის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვით, კონტრტერორიზმთან დაკავშირებით ვალდებულებების შესრულებით და ინკლუზიური მთავრობის ფორმირებით.