ენტონი ბლინკენი - აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები საუბრობენ, მოქმედებენ ერთად, როდესაც საქმე ეხება რუსეთს, ეს ერთობა გვაძლევს ძალას, რომელთანაც რუსეთი ვერ მივა
ამერიკის შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები საუბრობენ და მოქმედებენ ერთად, ერთი ხმით, როდესაც საქმე ეხება რუსეთს, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთთან გამართულ ყველა შეხვედრაზე მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური მიზანი იყო დიპლომატიური გზების ძიება უკრაინის საზღვარზე რუსეთის მიერ მობილიზებული შეიარაღებული ძალებით გამოწვეული დაძაბულობის დეესკალაციისთვის.
„ყველა მოლაპარაკება არის ფართო კონსულტაციების ნაწილი. მხოლოდ გასულ კვირას გაიმართა 100-ზე მეტი შეხვედრა, მათ შორის უკრაინასთან, ნატო-სთან, ევროკავშირთან, ეუთო-სთან, ბუქარესტის ცხრიანის ქვეყნებთან, ისევე, როგორც ორმხრივი კონსულტაციები ინდივიდუალურად სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ ერთად, ერთი ხმით, როდესაც საქმე ეხება რუსეთს. ეს ერთობა გვაძლევს ძალას, რომელთანაც რუსეთი არ და ვერ მივა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, მოკავშირეების ამოცანაა, ნათლად ისაუბრონ იმ სხვადასხვა ვარიანტზე, რომლებიც პრეზიდენტ პუტინს უნდა აჩვენონ, როგორიცაა, ერთი მხრივ, დიალოგი და დიპლომატია და მეორე მხრივ, კონფლიქტი და შედეგები, რამაც უნდა შეაკავოს და დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი, უარი თქვას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განახლებაზე.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ, თუ რომელიმე რუსული სამხედრო ძალა უკრაინის საზღვრებს გადაკვეთს და ახალ აგრესიას ჩაიდენს უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი, ერთიანი პასუხი აშშ-ის, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა რუსული გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია, მასში ჯერ ბუნებრივი აირი არ მიედინება, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გაზსადენი ბერკეტია გერმანიის, აშშ-ისა და მოკავშირეებისთვის და არა რუსეთისთვის. მისი თქმით, მომავალში რუსეთი აწონ-დაწონის საკუთარ ნაბიჯებს, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოებმა გააკეთეს მკაცრი განცხადებები იმ სერიოზული შედეგების შესახებ, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში აგრესიის განხორციელების შემთხვევაში წააწყდება.