ენტონი ბლინკენი - აშშ განიხილავს, როგორ დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სუდანის დატოვება
ენტონი ბლინკენი - აშშ განიხილავს, როგორ დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სუდანის დატოვება

აშშ განიხილავს, როგორ უნდა დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სუდანის დატოვება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენს არ დაუკონკრეტებია აშშ-ის რამდენი მოქალაქე იმყოფება სუდანში, მაგრამ აღნიშნა, რომ ათეულობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი სუდანის დატოვებაზე. მისივე თქმით, აშშ-ის მთავრობას აღნიშნულ მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ასევე, ბლინკენის ცნობით, ბევრი მათგანი ორმაგი მოქალაქეობის მქონეა.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ, რა ვარიანტები გვაქვს, რათა განვაახლოთ დიპლომატიური წარმომადგენლობა სუდანში, მათ შორის პორტ-სუდანშიც“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ამასთან, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ახორციელებს ზეწოლას სუდანის სამხედრო ლიდერებზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაფართოებლად. სახელმწიფო მდივანმა ასევე შეშფოთება გამოთქვა სუდანში რუსული კერძო სამხედრო ჯგუფის, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ჩართულობის გამო, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

ვაშინგტონმა 22 აპრილს ხართუმში აშშ-ის საელჩოდან უსაფრთხოების რისკების გამო პერსონალის ევაკუაცია განხორციელა.

სუდანში არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.