ენტონი ბლინკენი - აშშ არასდროს დაივიწყებს სოლიდარობას, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებმა გამოავლინეს
ენტონი ბლინკენი - აშშ არასდროს დაივიწყებს სოლიდარობას, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებმა გამოავლინეს

მინდა, ვაღიარო იმ შეიარაღებული ძალების გამორჩეული სიმამაცე და სიმტკიცე, რომლებიც ავღანეთში გასული 20 წლის განმავლობაში მსახურობდნენ, – ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ნატო-ს გენერალურ მდივანსა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ არასდროს დაივიწყებს იმ სოლიდარობას, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებმა გასული 20 წლის განმავლობაში გამოავლინეს.

„საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალებს ნატო-სა და მისი პარტნიორი 50 ქვეყნიდან ჰყავდა შეიარაღებული ძალები. დღეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორი 35 ქვეყნიდან ჰყავს ჯარები. ჩვენი სამხედროები რისკავენ სიცოცხლეს, ეწირებიან ამ ძალისხმევას, თუმცა მათი დახმარებით ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ჩვენ პატივს მივაგებთ მათ წვლილსა და მსხვერპლს. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ აშშ არასდროს დაივიწყებს იმ სოლიდარობას, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებმა გამოავლინეს ამ გზაზე. ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებდა იმის მიღწევას, რაც ჩვენ, როგორც ალიანსმა, ერთად მუშაობით შევძელით“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-სთან ერთად ნატო-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცების ავღანეთიდან საბოლოო გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და  11 სექტემბრისთვის დასრულდება.