ენტონი ბლინკენი - არსებობს მკაფიო კონსენსუსი ზოგიერთ პრიორიტეტზე, უპირველეს ყოვლისა, ეს არის, მძევლების გათავისუფლების გათვალისწინებით, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა
ენტონი ბლინკენი - არსებობს მკაფიო კონსენსუსი ზოგიერთ პრიორიტეტზე, უპირველეს ყოვლისა, ეს არის, მძევლების გათავისუფლების გათვალისწინებით, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ კვლავ ითხოვს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

როგორც ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის წინ აღნიშნა, ის კაიროში ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ექსპერტების შეკრებაზე შეთანხმდა. მისივე განმარტებით, აღნიშნული შეხვედრის მიზანი იქნება კონკრეტული ნაბიჯების დასახვა, რომელიც საჭიროა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდისთვის გადაიდგას.

„არსებობს მკაფიო კონსენსუსი რიგი საერთო პრიორიტეტების გარშემო. უპირველეს ყოვლისა, მძევლების გათავისუფლების გათვალისწინებით, ცეცხლის დაუყოვნებელი, მდგრადი შეწყვეტის აუცილებლობა. ეს შექმნის სივრცეს ჰუმანიტარული დახმარების გასაზრდელად, მრავალი ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად და მეტი გამძლეობის შესაქმნელად. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვმუშაობდით ეგვიპტესთან, კატარსა და ისრაელთან, რათა შევიმუშაოთ მკაფიო წინადადება. „ჰამასმა“ ამას უპასუხა. მოლაპარაკებებზე მუშაობა გრძელდება. ხარვეზები სწორდება. შევთანხმდით, რომ ექსპერტები მალე უნდა შეიკრიბონ, რათა შეთანხმდნენ ხელშესახებ ნაბიჯებზე დახმარების მასშტაბის გაზრდასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, რაფაჰში მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია შეცდომა იქნება და მას ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს. ბლინკენის განცხადებით, „ჰამასთან“ გამკლავება ასეთი ოპერაციების გარეშეც არის შესაძლებელი.