ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობას მტკიცე რეაგირება მოჰყვება
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობას მტკიცე რეაგირება მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმა განაცხადა, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობას მტკიცე რეაგირება მოჰყვება. მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები რუსეთის ძალებთან ერთად საბრძოლო ოპერაციებში უკვე მონაწილეობენ.

„ჩვენ გვქონდა დღეს ძალიან პროდუქტიული დისკუსია რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინისადმი ჩვენი მიმდინარე მხარდაჭერის, ასევე, ბრძოლაში ჩრდილოეთ კორეის ძალების ფაქტობრივი მონაწილეობის შესახებ, რაც საჭიროებს და მიიღებს მტკიცე რეაგირებას“, – განაცხადა ბლინკენმა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას უახლოესი ორი თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიური და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს.

„პრეზიდენტი ბაიდენი გეგმავს, მთლიანად გამოიყენოს თითოეული დღე, რათა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდა, რაც გულისხმობს ამ ალიანსის გაძლიერებას და რაც ასე მნიშვნელოვანია აშშ-ისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ასევე, გავაგრძელებთ ყველაფრის გაძლიერებას, რასაც უკრაინისთვის ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას შეუძლია საკუთარი თავის ეფექტიანად დაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – თქვა ბლინკენმა.