ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას ვერ ხედავენ
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას ვერ ხედავენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. ამის შესახებ ბლინკენმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე ერთ-ერთი პანელური დისკუსიიას განაცხადა.

ბლინკენს კითხვა დაუსვეს, ხედავს თუ არა რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას, რაზეც მან აღნიშნა: „მოცემულ მომენტში ამას ვერ ვხედავთ“.

„ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ამ საკითხთან მიმართებით. ყველაზე მეტად ეს უკრაინელ ხალხს სურს, მაგრამ უნდა იყოს სურვილი რუსეთის მხრიდან, ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად, ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც მისი აგრესია ძირს უთხრის. ესენია – ფუნდამენტური პრინციპები, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა.

რუსეთი თუ მზად არის, მოლაპარაკებები აწარმოოს ამის საფუძველზე, ის აღმოაჩენს უკრაინელებს, რომლებსაც სურთ ამის გაკეთება და აუცილებლად იპოვის აშშ-ის, ასევე მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას. არავის სურდა ეს ომი. ჩვენ მისი თავიდან აცილება ვცადეთ. დავინახეთ, რომ ეს იგეგმებოდა, გავაფრთხილეთ მსოფლიო. ასევე, რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ვიყავით ჩართული რუსეთთან. ვცდილობდით, გვენახა, თუ ნამდვილად არსებობდა უსაფრთხოების რამე საკითხი, რაც მათ უბიძგებდათ იმისკენ, რისი გაკეთებისთვისაც მზად იყვნენ. თქვენ თუ ჩემი არ გჯერათ, წაიკითხეთ, რასაც ამბობს პრეზიდენტი პუტინი, საქმე ამას არასდროს ეხებოდა, არამედ ყოველთვის ეხებოდა დიდი რუსეთის აღდგენის ხედვას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.