ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე ნებისმიერი განხილვა უნდა მოიცავდეს ნატო-ს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებს
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე ნებისმიერი განხილვა უნდა მოიცავდეს ნატო-ს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება და ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გავრცელებული ცნობით, დიპლომატებმა 10 იანვარს გამართულ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგზე, 12 იანვარს ჩატარებულ ნატო-რუსეთს საბჭოსა და 13 იანვარს გამართულ ეუთო-ს საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს.

ენტონი ბლინკენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას.

„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას უკრაინაში და მის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების ღრმად შემაშფოთებელი დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი განხილვა უნდა მოიცავდეს ნატო-ს მოკავშირეებს, ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის უკრაინას“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.