ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ განაგრძობს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის მხარდაჭერას ტაივანთან დაკავშირებით
ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ განაგრძობს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის მხარდაჭერას ტაივანთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბლინკენმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მე გამოვთქვი შეერთებული შტატების შეშფოთება, რომელსაც არაერთი ქვეყანა იზიარებს, ჩინეთის პროვოკაციული ქმედებების შესახებ ტაივანის სრუტეში, ისევე როგორც სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში. ტაივანთან დაკავშირებით მე გავიმეორე აშშ-ს დიდი ხნის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკემა ჩინეთის მთავრობას მოუწოდა, რომ უფრო ფრთხილად იყვნენ იმ კომპანიებთან, რომლებიც, შესაძლოა, უზრუნველყოფდნენ ისეთ ტექნოლოგიას, რომლის გამოყენებაც შემდეგ რუსეთს ომში შეეძლება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გამეკეთებინა ამ მოგზაურობისას, იყო ჩინელი მასპინძლების დარწმუნება, რომ ჩვენ არ ვცდილობთ მათ ეკონომიკურ შეკავებას. ჩვენ ვსაუბრობთ რისკების შემცირებასა და დივერსიფიკაციაზე, თუმცა ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ მწუხარებას იმ ჩინური ფირმებისა და კომპანიების თაობაზე, რომლებიც, შესაძლოა, უზრუნველყოფენ ტექნოლოგიას, რომელიც რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს უკრაინაში აგრესიის გასაძლიერებლად. ჩვენ ვთხოვეთ ჩინეთის მთავრობას, რომ იყოს ძალიან ფხიზლად ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ამბობს ბლინკენი.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ჩინეთთან ისეთ სფეროებში, სადაც მათ საერთო ინტერესები აქვთ, მათ შორის კლიმატი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და სურსათის უსაფრთხოება. ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემური საკითხების მოგვარების მიზნით ურთიერთობა ორ მხარეს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.