ლაშა დარსალიამ და საქართველოში იტალიის ელჩმა სხვა საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალში იტალიის ქალაქ რანდაცოს ვიცე-მერის ვიზიტიც განიხილეს
ლაშა დარსალიამ და საქართველოში იტალიის ელჩმა სხვა საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალში იტალიის ქალაქ რანდაცოს ვიცე-მერის ვიზიტიც განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ბარტოლის შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას განხილულ იქნა არაღიარების პოლიტიკა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან; მათ შორის, ხაზი გაესვა იტალიის ქალაქ რანდაცოს ვიცე-მერის ვიზიტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. აღინიშნა მსგავსი კონტაქტების დაუშვებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა დაადასტურა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ იტალიის რეგიონებისა და კონკრეტული მუნიციპალიტეტების ფართო ავტონომიური უფლებების მიუხედავად, ისინი ვალდებული არიან, გაითვალისწინონ ცენტრალური ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, ამ პრინციპების დარღვევით გაფორმებულ ნებისმიერ დოკუმენტს არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა.

„ჩვენ განვიხილეთ ერთ-ერთი იტალიური ქალაქის წარმომადგენლების მიერ ცხინვალში გამართული შეხვედრის საკითხი. ბუნებრივია, დავუდასტურე მინისტრის მოადგილეს იტალიის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროკავშირისა და გაერო-ს საერთო პოზიციის ფარგლებში. იტალიაში ადგილობრივი მმართველობები სარგებლობენ გარკვეული სახის ავტონომიით, თუმცა როდესაც საკითხი საგარეო პოლიტიკას ეხება, ეს ცენტრალური მთავრობის კომპეტენციაა და შესაბამისად, ყველა ამ სახის ინიციატივა, თუ შესაძლო შეთანხმება, ადგილობრივი მმართველობის, თუ ბიზნესორგანიზაციის მიერ, არ არის ვალიდური“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ენრიკო ბარტოლიმ.

შეხვედრაზე ასევე იტალიის მხარეს მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების თაობაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და მოსაზრებები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომავალ რაუნდთან დაკავშირებით.