ENPARD-მა და საქართველოს მთავრობამ ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო
ENPARD-მა და საქართველოს მთავრობამ ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში, ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის დაწყების შესახებ განცხადება ერთობლივად გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი ნილ სკოტი ესწრებოდნენ.

„ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები კარს უხსნიან საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზრისკენ. სოფლის განვითარების შედეგად საქართველოს მოსახლეობა უკეთ შეძლებს ამ პოტენციალის გამოყენებას“, – განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა.

ნოდარ კერესელიძის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა მართლაც უპრეცედენტოა.

„უკვე განხორციელდა ორი ფაზა და მესამე ფაზაზე გადავედით. მესამე ეტაპის მთავარი აქცენტი არამხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა არამედ მოიცავს არა სასოფლო–სამურნეო აქტივობებსაც, მაგალითად როგორიც არის ტურიზმის განვითარება. ჯამში, სამივე ფაზა ევროკავშირის დახმარებისა არის უპრეცედენტოდ დიდი და ის თითქმის 500 მილიონი ლარია“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

22 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები სოფლის მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

პროექტის „FAO-ს ხელშეწყობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ ENPARD-3-ის ფარგლებში“ ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი უშუალო დახმარებას გაუწევს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და ფერმერებს და ხელს შეუწყობს საქართველოსა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში.