„ენკას“ დირექტორი - პერსპექტივა არის მოლაპარაკებაში, ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, პროტესტის გამოხატვა კანონს არ უნდა ცდებოდეს
„ენკას“ დირექტორი - პერსპექტივა არის მოლაპარაკებაში, ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, პროტესტის გამოხატვა კანონს არ უნდა ცდებოდეს

პერსპექტივა არის მოლაპარაკებაში. ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას და ცალსახად მხარს ვუჭერ სიტყვის თავისუფლების, აზრის გამოთქმის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი უფლებების, პროტესტის დაფიქსირება უნდა ცდებოდეს არსებულ კანონმდებლობას, – ამის შესახებ „ენკა რინიუებლზის“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერი საკითხის განხილვაში და მოუსმინონ ყველას, ვისაც აქვთ პროტესტანტთა ნდობა.

„ჩვენ, როგორც კომპანია, როგორც ხელშეკრულების და პროცესის მხარე, როგორც ინვესტორი კომპანია საქართველოში და საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, მზაობას გამოვთქვათ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერი საკითხის განხილვაში. მზად ვართ, რომ იმ კონსულტანტებსაც მოვუსმინოთ და განვიხილოთ მათი წინადადებები, ვისაც აქვთ ამ პროტესტანტთა ნდობა. როდესაც ჩვენი კონსორციუმი გახლავთ ამ ხელშეკრულების მხარე, მისი ელიმინაცია და გათიშვა პროცესიდან ალბათ უადგილო იქნება. თუკი იქნება ამ პროცესში რაიმე ტიპის კითხვები, რომლებზეც ჩვენ არ გვექნება პასუხები, შესაძლებელია, ასეთიც აღმოჩნდეს, ამ შემთხვევაში პირობას ვიძლევი, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად მოვიძიებთ იმ პირებს, რომლებიც უფრო ზუსტად და კონკრეტულად გასცემს დაინტერესებული მხარის კითხვებზე პასუხს. ვიდრე არ მოხდება საკითხის საგნობრივი განხილვა, მანამდე რაიმე ტიპის სხვა შეხვედრებზე ზედმეტია საუბარი. თუ მხარე აცხადებს საგნობრივ განხილვაზე უარს, თუ მხარე აცხადებს, რომ არა, მე ამას არ დავუჯდები, თუ არავინ ჩვენ არ შეგვხმიანებია, მე არასამთავრობო სექტორს ვგულისხმობ, დაინტერესებულ მხარეს. თუ ეს მზაობა მეორე მხარეს არ გააჩნია, შესაძლებელია სხვა პროცესებთან გვქონდეს საქმე, რომელზედაც ჩვენ, კომპანია და კონსორციუმი ვერ გავაკეთებთ ვერანაირ კომენტარს. აუცილებელია მათი აზრი მოსმენილი იყოს სრულყოფილად და არა მოთხოვნების ფორმით, ჩემთვის საინტერესოა, რა არის არგუმენტაცია ამ მოთხოვნების უკან. ჩვენ ადგილზე მობილიზებული გყავს ჩვენი სოციალური ჯგუფები, აქ ჩართული არის დაახლოებით 30-მდე ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სოციალური პროექტებით არის დაკავებული. გარწმუნებთ, გარდა პროტესტის ჯგუფებისა, ადგილზე არის ხალხი, ვისთანაც შედგა არაერთგზის ჯანსაღი კოოპერირება. პერსპექტივა არის მოლაპარაკებაში. ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას და ცალსახად მხარს ვუჭერ სიტყვის თავისუფლების და აზრის გამოთქმის თავისუფლებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი უფლებების და პროტესტის დაფიქსირება უნდა ცდებოდეს არსებულ კანონმდებლობას. ვფიქრობ, ეს იყო კომუნიკაციის პრობლემატიკა, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩვენი მხრიდან არის მობილიზებული და რჩება მეორე მხარის ნება, ჩაერთოს ამ პროცესში“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პოლიციასთან სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის გახსნაზე მოლაპარაკება გამართეს, რაც უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას გეგმავენ, რათა სამშენებლო ტექნიკამ ვერ შეძლოს რიონის ხეობაში გადაადგილება.