ენგურის ხიდზე მიმოსვლა განახლდა
ენგურის ხიდზე მიმოსვლა განახლდა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ H1N1 ვირუსის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი დღეს გაიხსნა, – ამის შესახებ პირველ არხს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რეზო ქობალიამ განუცხადა.

მისი თქმით, გადაადგილება მხოლოდ ე.წ. ბინადრობის მოწმობისა და „ფორმა 9“-ის მქონე პირებისთვის არის ნებადართული.

„გახსნილია ისეთი კატეგორიის ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ე.წ. ბინადრობის მოწმობა და მათ მიერ გაცემული „ფორმა 9“, გარდა ე.წ. აფხაზური პასპორტის მქონე პირებისა. ამ დროისთვის ხალხის დიდი ნაკადი არ არის, ვინაიდან რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა ე.წ. საზღვარი და მოსახლეობას ამის თაობაზე ჯერ ინფორმაცია არ აქვს“, – განაცხადა ქობალიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 იანვრიდან მდინარე ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაიკეტა. ამის მიზეზად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში Н1N1-ის ტიპის ვირუსის გავრცელება დაასახელეს.